ზუგდიდში სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა და მას ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადაეცა.
შენობა დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. რაც შეეხება განახლებულ ავტოპარს, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ჯამში - 5 ახალი, სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მათგან 4 სასწრაფო დახმარების მანქანაა, ხოლო ერთი - რენიამობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 25 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 28 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.