24 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
მესტიის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს

მეორე დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გადაწყვეტილება მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კერძოდ, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებულნი არიან კარანტინი გაიარონ.

რეგულაციები დაწესდა კვების ობიექტებზეც - იმუშავებს მხოლოდ ღია ტიპის დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და სააფთიაქო ქსელები. შეზღუდვებთან ერთად მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება და ღრმა ეპიდკვლევა. ადგილზე სპეციალისტთა 5 ჯგუფი მუშაობს. სულ მალე ცნობილი უნდა გახდეს გუშინ აღებული PCR ტესტების პასუხებიც. საუბარია 400-ზე მეტ ნიმუშზე.

დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს პოლიცია უკვე მეორე დღეა მკაცრად აკონტროლებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონიდან გამომდინარე ტურისტების აღწერაც ხორციელდება, რის შემდეგაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ ტრანსპორტირებასა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანას უზრუნველყოფენ. ამ დროისთვის სვანეთში მყოფი 518 მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. აქედან 343 მოქალაქე მესტიაში მდებარე სასტუმროებში გადაანაწილეს - 171 კი აჭარის რეგიონში მდებარე სასტუმროებშია გადაყვანილი.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით სვანეთში უკვე მზად არის 18 სასტუმრო 327 ოთახით, სადაც დამატებით საკარანტინო სივრცეები განთავსდება, შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მესტიაში გამოვლენილი 17 ახალი დაინფიცირებულის გამო მიიღო. მუნიციპალიტეტი კარანტინში 28 დღე იქნება.

დღის ამბები