გახდება თუ არა ახალი ეპიდაფეთქების კერა ქობულეთი - მედიკოსების პროგნოზით, საზღვაო კურორტის ე.წ. წითელ ზონად გამოცხადების რისკი, ამ დროისთვის, არ არსებობს.
ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩავიდა. მისი შეფასებით, ქობულეთში სიმშვიდეა და პანიკა არ არის.
ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება.
"არ არის ეს მეორე ტალღა. პროგნოზირებადი იყო რომ ასე იქნებოდა, იმიტომ რომ შემსუბუქდა რეგულაციები და სწორედ ეს გახლავთ შედეგი. გაიხსნა ტურიზმი, ხალხი მოძრაობს, მობილობა გაზრდილია. ინფექცია არსად არ წასულა, ცირკულირებს და იქნებოდა შემთხვევების ზრდა, ეს პროგნოზირებადი იყო. ეს ზრდა არ არის დიდი, ორნიშნაა, ზოგჯერ 13-ია. ზოგჯერ 15, 25-იც იყო. ეს არ გახლავთ პანიკის საფუძველი, ეს ყველაფერი მართვადია და იმართება ნორმალურად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ქობულეთში ადგილობრივები და დამსვენებლები "კურიერთან" აცხადებენ, რომ რეგულაციებს იცავენ.