დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით განახლდება. საუბარია ექვს პირზე, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
მიუხედავად იმისა, რომ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა და მათ უკვე დამამაძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს განიხილავს.
არასრულწლოვნების ადვოკატებისთვის ბრალი სრულად მიუღებელია. უფლებადამცველებისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ დაერთო საქმეს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც პროკურორებმა წინა პროცესზე წარადგინეს.
"გრძელდება საქმის არსებითი განხილვა. ამ პროცესზე დაცვის მხარე წარადგენს შესავალ სიტყვებს, შემდეგ კი თუ ბრალდების მხარეს ეყოლებიან წარმოდგენილი მოწმეები, დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
სასამართლომ უკვე გადადგა ის უკანონო ნაბიჯები, პროცესის დაწყების დროს, რაზეც უკვე არანაირი მოლოდინი არ გაგვაჩნია, რომ ეს მოსამართლე იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი" - აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.
გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში გაიმართება.