ნატოს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი ამბობს, რომ ნატოს იმაში დარწმუნება, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს, ძალიან რთული იქნება. თუმცა, თუ ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ფუნდამენტური პოზიცია არ იქნება, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გააადვილებს. ამის შესახებ ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი სტავრიდისი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს.
"ვფიქრობ, სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უბრალოდ რეალობა, გაყინული კონფლიქტები ხდება. ჩემი აზრით, რაც არ უნდა გასაკვირი და ინტუიციის საწინააღმდეგო იყოს, ეს რეალურად საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს ზრდის. იგივეს ვფიქრობ უკრაინაზე, თუმცა მოგვიანებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყირიმი უკრაინას უკან მალე დაუბრუნდეს, ან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაუბრუნდნენ საქართველოს მალე. ვისურვებდი, რომ ასე არ ყოფილიყო. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს გაყინული კონფლიქტებია, რომ ეს ფაქტია, რომელსაც ვერ შევცვლით, ვფიქრობ, საქართველოსთვის ნატოში სრული გაწევრიანებისთვის კარი გაიხსნება და ალბათ, დროთა განმავლობაში უკრაინისთვისაც. ვფიქრობ, განსაკუთრებით საქართველომ მოიპოვა თავისი ადგილი ნატოში, იქნება ეს ავღანეთში საბრძოლო შედეგით, თუ იმ სიმამაცით, რომლითაც მჩაგვრელ სახელმწიფოს წინააღმდეგობას უწევს და იმით, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეა."- აცხადებს ადმირალი სტავრიდისი.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, ნატოში გაწევრიანებას ტერიტორიების სანაცვლოდ- ადმირალი პასუხობს, რომ ალიანსისთვის, ეგრეთწოდებული, [რუსეთის] „ჯიბის ვეტოს“ დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველოს მივიღებთ წევრად, მაგრამ ამ ორი ტერიტორიის დაბრუნება ნატოს მოქმედებებისთვის ფუნდამენტური ბაზისი არ იქნება.
"არ ვიტყოდი, რომ ეს სანაცვლოდ ტერიტორიების მიცემაა. ვიტყოდი, რომ ნატოს შიგნით გაცილებით რთულია ნატოს მიყიდო არგუმენტი, რომ რუსეთს [უთხრას, რომ] უნდა დააბრუნო ეს მიწა. ვფიქრობ, რომ ეს ალიანსისთვის უფრო რთულია. ვფიქრობ, ალიანსისთვის, ეგრეთწოდებული, [რუსეთის] „ჯიბის ვეტოს“ დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველოს მივიღებთ წევრად, მაგრამ ამ ორი ტერიტორიის დაბრუნება ნატოს მოქმედებებისთვის ფუნდამენტური ბაზისი არ იქნება. შეიძლება ეს ქართველებისთვის ან უკრაინელებისთვის იყოს მიუღებელი. მაგრამ, მე რომ ქართველი ან უკრაინელი ვიყო, კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას და ამ ტერიტორიების დაბრუნებას, დროთა განმავლობაში ვეცდებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ მე რომ ვიყო, ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი. თუმცა, აუცილელბლად მინდა დავამატო, რომ ეს ქართველების გადასაწყვეტია და არა ამერეიკელების, ან ნატოს ყოფილი მეთაურების. ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან რთულ პოზიციაშია. "- აცხადებს ადმირალი სტავრიდისი.