09 სექტემბერი 2026,   11:44
ვრცლად
"დაცვა მას სჭირდება, თუ მე მჭირდება" - არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა და გიორგი შაქარაშვილის ბიძა ერთმანეთს მუქარაში ადანაშაულებენ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა შსს-ში იმყოფებოდა. მან ფეხბურთელის ბიძის შესახებ გამოძიებას ჩვენება მისცა და მირიან ნიკოლაძე მუქარაში დაადანაშაულა. არასრულწლოვანის მამა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს. 

"განვაცხადე ბატონი მირიან ნიკოლაძის მუქარაზე ჩემ მიმართ. მან თქვა, რომ ჰყავს ათეულობით ადამიანი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გამისწორდნენ ფიზიკურად და მის სიტყვას ელოდებიან. ჩემს ოჯახს ვუფრთხილდები. მოვითხოვე ჩემი ოჯახის დაცვა, რომ მათ ვერავინ შეეხოს. რეაგირებას მოვახდენთო და რა მნიშვნელობას მიანიჭებენ ამ სიტყვას, არ ვიცი,"- აცხადებს არასრულწლოვანის მამა.

ამასთან, მირიან ნიკოლაძე არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამას მუქარაში თავად ადანაშაულებს. 

"ორი კვირაა ადამიანი მემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით. ერთხელ ბრძანა, რომ 25-ნი ვართ უკვე და კიდევ უნდა დავიმატოთო, მეორედ თქვა, სადღაც გავწევრიანდიო. მე კიდევ პირიქით ვთქვი, რომ აგრესიას მის მიმართ ვანელებ და ვაბალანსებ. დაცვა მას სჭირდება, თუ მე მჭირდება? ვერ გეტყვით, ეს რა ქმედებაა ზოგადად, რა დამოკიდებულებაა, რანაირი მიდგომაა - დაზარალებული მხარე სამართლებრივ რეჟიმში ვართ და არ გავცდენილვართ მას,"-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

მათგან ხუთს, "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს მთავარმა პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები