09 სექტემბერი 2026,   20:02
ვრცლად
ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრას ყოფილი რწმუნებული და მისი მეგობარი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრას ყოფილი რწმუნებული და მისი მეგობარი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ყოფილ სახელმწიფო მოხელეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. 

"რა თქმა უნდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, შესაძლებელი იყო, რომ კუკური პლაჭიაშვილს და ირაკლი გოგალაძეს შეფარდებოდათ გირაო, ეს გამოძიებისთვისაც ეფექტური იქნებოდა და საბოლოოდ სამართლიანი გადაწყვეტილებისთვისაც,"-განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა ნინო დემეტრაძემ.

პატიმრობის შეფარდება დაკავებულებისთვის ბრალდების მხარემ მოითხოვა. სასამართლო სხდომამდე ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, კ.პ.-მ და ი.გ.-მ იმ მოტივით, რომ მ.მ-ს ეღიარებინა კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამის შემდგომ, ბრალდებულებმა მ.მ. მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს კ.პ.-ს ავტომობილში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ ცემით და მოკვლის მუქარით მ.მ.-ს მისივე დამარხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 აგვისტოს დააკავეს.

კ.პ.-ს და ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,  (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია)  და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს," - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები