09 სექტემბერი 2026,   12:31
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანების საქმის განხილვა განახლდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანების საქმის განხილვა არასრულწლოვანი მოწმის ე.ხ-ს დაკითხვით გაგრძელდა.

ადვოკატების განმარტებით, მოწმეებმა ისაუბრეს ზოგადად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და რომელიმე ბრალდებული არ დაუსახელებიათ.

საქმის პროკურორის თქმით, მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ, ძალადობის თვითმხილველები არ ყოფილან, შესაბამისად, პირების იდენტიფიცირება მათ არ მოუხდენიათ.

"მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რაც დაცვის ინტერესში შედის და წინასწარი გამოძიების დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ხ ამბობდა. ე.ხ-მ დაადასტურა, რომ იმ მომენტში ნამდვილად იქ იმყოფებოდა. გუშინაც არ უთქვამს პროკურორს, რომელ მოწმეებს წარმოადგენს, ჩვენი ვარაუდით, ესენი პოლიციის თანამშრომლები იქნებიან,"-აცხადებს არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.

"გუშინ მეორე მოწმის დაკითხვა არ დასრულებულა და სხდომა ამავე მოწმის დაკითხვით გაგრძელდება. ე.ხ-ს მიერ, ვიდეოჩანაწერით კონკრეტული პირების ამოცნობა - სასამართლოს მივმართავთ შუამდგომლობით, რომ პროცედურა არ უნდა განხორციელდეს, რადგან არღვევს პირდაპირი დაკითხვის რეჟიმს, რაც გულისხმობს მიმანიშნებელი კითხვის დასმას აკრძალვას ბრალდების მხარისთვის,"- აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

"მოწმეს რომელიც ვერ დაიკითხა სრულად გუშინ, ერთ ეპიზოდში ბრალდების მხარის კითხვაში დაადასტურა ის ფაქტი, რომ ლ.შ-ს და გ.მ-ს სურდათ დაბრუნება აგარაკზე. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ სურდათ გაეკონტროლებინათ იქ არსებული სიტუაცია,"- აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი. 

რაც შეეხება პროკურატურას, ბრალდების მხარე ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე ვიდეოკადრებს წარმოადგენს და არასრულწლოვან მოწმეს მოუწევს კონკრეტული პირების ამოცნობა. პროცესზე პროკურატურა არაგვის ტერიტორიაზე და აგარაკზე გადაღებულ ვიდოეჩანაწერებს წარადგენს. პროკურორმა განმარტებები გააკეთა ჩანთის ექსპერტიზასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ექსპერტიზა დასრულებული არ არის.

დღის ამბები