გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ვერონიკა არონიას ბრალს დღეს წაუყენებენ. 19 წლის ქალს მომხდართან პირდაპირი შემხებლობა არ აქვს, თუმცა გამოძიება მას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.
არონია საქმის 21-ე ტომში ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით, მან დაკითხვისას არაერთხელ იცრუა, თითქოს 4 პირის საუბარი მოისმინა ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის შესახებ.
დაკავებულის უფლებადამცველი საქმეში ახლა ჩაერთო და მისთვის ჯერ უცნობია აღიარებს, თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს. ცრუ ჩვენების ბრლადებით ახალგაზრდა ქალის დაკავებას გამოეხმაურა მოკლული ფეხბურთელის ბიძაც.
"როგორც ჟურნალისტების ასევე, საზოგადოების გარკვეული პოლიტიზირებული ნაწილი, ტრაგედიის პოლიტიკურ შოუდ გადაქცევას ცდილობდა, თუმცა ეს მათ არ გამოუვიდათ. მოწმის "შემოგდება" საქმეში, ამ საერთო სქემის ერთ-ერთი ნაწილი იყო. მათ უნდოდათ რომ ის ვიდეო-კამერები, რომელიც 15-20 საათს შეადგენდა ამით სასამართლოში საქმე გაწელილიყო და ბრალდებულებს საპატიმრო ვადები გასვლოდათ. ეს რაიმე თანხის სანაცვლოდ იყო თუ პირადი მოტივით, არ ვიცი, შესაძლოა ნებისმიერი რამ გამხდარიყო ამის საფუძველი,"- აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დღეს ერთი პირი დააკავა.