"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებმა თბილისის საკრებულოსთან ერთჯერადი დახმარების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი თითქმის 4 წელია კუთვნილ კომპენსაციას ითხოვენ. მათივე თქმით, ხანძრის შემდეგ საკრებულოს დაზარალებულთა სია არასწორად გადაეცა, რის გამოც მოვაჭრეების ნაწილს კომპენსაცია 3 000 ლარის სახით დღემდე არ მიუღია.
აქციის მონაწილეების განმარტებითვე, საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, თუმცა ისინი საკრებულოსგან დახმარების გაცემას უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვენ.
"ვითხოვთ ჩვენს ერთჯერად დახმარებას ამ წუთში, მეოთხე წელია უკვე ვართ ბანკების ქვეშ, დაგვეწვა ნივთები, 3 თვის გამოტანილი სესხი მქონდა და ჩავწვი ნახევარზე მეტი. მას მერე მე ვიხდი ბანკებს, სამსახურში ქირებს, პატრონი არ გვყავს, არავინ არაფრით არ გვეხმარება," - აცხადებს დაზარალებული ნაირა ლალიაშვილი.
დაზარალებულების ადვოკატის ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ერთჯერადი დახმარება დიდი ხნის წინ უნდა გაცემულიყო, თუმცა ამ პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ.
"მერია საკრებულოსთან ერთად სპეციალურად აკეთებს იმას, რომ მეოთხე წელია არა ერთი სასამართლო გვაქვს მოგებული, არსებობს უზენაესის გადაწყვეტილება, 3 000 ლარი ერთჯერადი დახმარება, რომელიც უნდა გაცემულიყო, მაგრამ სპეციალურად ელოდება როდის დაიხოცება ეს ხალხი, რომ ის 3 000 ლარიც კი ერთჯერადი, რომელიც არაფერი არ არის, არ გასცენ ამ ხალხზე," - განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.