26 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
თქვენმა ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩააგდო მოსახლეობა, რომ ოპოზიციას არაფრის მოგონება არ სჭირდება  - ნინო ბურჯანაძე შს მინისტრს 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს, სადაც ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ კრიმინალი წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირებულია, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მინისტრი იტყუება, რადგან ქვეყანაში კრიმინალური ვითარება გაუარესებულია. 

"მინდა საგანგებოდ გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი გომელაურის განცხადებას, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ყველაფერი წესრიგია, კრიმინალი არ გაზრდილა და ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაცებს ვიგონებთ. ბატონო მინისტრო, თქვენმა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომები დაუშვა, იმდენი დანაპირები არ შეასრულა და ისეთ დღეში ჩაყარა საქართველოს მოსახლეობა და ისეთ გაჭირვებაში, რომ მოგონება ოპოზიციას ნამდვილად არაფრის არ სჭირდება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტყუილში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა მინისტრს ლელოც. პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის”, ლანა გალდავა ამბობს, რომ უშუალოდ პარტიის წევრებზე მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.

"მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებზე მოხდა როგორც ფიზიკური მუქარა, ფიზიკური ანგარიშსწორება, ასევე ჩვენ ქალ წევრებზე მოხდა პირად ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარა, უმაღლესი საჯარო მოხელის თანამდებობის პირის მიერ,“ - განაცხადა ლანა გალდავამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა დანაშაულის სტატისტიკაზე და თქვა, რომ დანაშაული წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირებულია. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

დღის ამბები