26 აპრილი 2024,   16:17
ვრცლად
ხელკეტებით და ჯოხებით შეიარაღებული 20-30 კაციანი ჯგუფი თავს დაესხა "ოცნების" ოფისს - დავით მათიკაშვილი ბოლნისის ინციდენტზე

ბოლნისში მომხდარ ინციდენტს "ქართული ოცნების" წევრები თბილისში ეხმაურებიან. მათი განცხადებით, დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო პროვოცირებული.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების თავიდან აცილება არაერთხელ სცადეს, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ფიზიკურ თავდასხმაზე გადავიდნენ. 

"ნაციონალური მოძრაობა" თავის კრიმინალურ სტილში აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას. "ქართული ოცნების" აქტივისტები, მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის მხარდაჭერის ფარგლებში აკრავდნენ პლაკატებს და მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან ხელის შეშლა, პროვოკაციული ქმედება, შემდგომ იგივე, მალევე განმეორდა ჩაიხანასთან. 20-30 კაციანი ჯგუფი ხელკეტებით და ჯოხებით შეიარაღებული თავს დაესხა "ქართული ოცნების" ოფისს. როდესაც არ გაუვიდათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და და ამ პროვოკაციაზე წამოგება, შემდეგ მოხდა ხელკეტებით თავდასხმა. "ქართული ოცნების" წევრები არიან დაზიანებულები, ნაწილი გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცველები აწარმოებენ გამოძიებას და ყველა დამნაშავე პირი აუცილებლად უნდა დაისაჯოს,"-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ მოხდა. დაპირისპირება ჩაიხანაში დაიწყო, სადაც შევიდა "ქართული ოცნების" 16 მხარდამჭერიდან ნაწილი, რომლებიც მანამდე სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებს აკრავდა. იყო შელაპარაკება და მცირე ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც მმართველი პარტიის აქტივისტებმა იქვე მდებარე "ქართული ოცნების" შტაბთან გადაინაცვლეს. "ოცნების" მხარდამჭერების ინფორმაციით, სწორედ აქ მოხდა მათზე თავდასხმაც და "ნაციონალური მოძრაობის" ხელკეტებით შეიარაღებული, დაახლოებით, 30 აქტივისტი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის საპირისპირო ვერსიას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა". ისინი მმართველი გუნდის აქტივისტებს

აგრესიაში ადანაშაულებენ და მათ მოსახლეობის დაშინებაში სდებენ ბრალს.

დღის ამბები