21 ოქტომბერი 2020,   18:05
ვრცლად
დღეს ცესკოში პარტიული სიების წარდგენის ბოლო დღეა - რამდენიმე პარტიას სიის პრეზენტაცია ჯერ არ ჰქონია

დღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებს ბოლო დღე აქვთ იმისთვის, რომ ცესკოში პარტიული სიები წარადგინონ. ვადა ზუსტად 18:00 საათზე იწურება.

სიები პოლიტიკური სუბიექტების ერთ ნაწილს უკვე გასაჯაროებული აქვს, მეორეს მხოლოდ ნაწილობრივ. პარტიული სიის პრეზენტაციები ჯერ არ ჰქონია რამდენიმე პარტიას, მათ შორის "სტრატეგია აღმაშენებელს", "ერთიან საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას".

ვრცელდება ვერსია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სიის სათავეში გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს, მეორე ნომრად წარმოადგენს ნიკა მელიას, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებს კი დევი ჭანკოტაძე და ხატია დეკანოიძე დაიკავებენ.

რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", სიას სათავეში, სავარაუდოდ, ჩაუდგება გიორგი ვაშაძე, ხოლო მეორე ადგილზე კი თაკო ჩარკვიანი იქნება.

"თითოეული ადამიანის ბიოგრაფიას შეგიძლიათ ჩაეძიოთ. რასაც იპოვით, არის მაღალი დონის პროფესიონალი საკუთარი საქმის, მაღალი გამოცდილების მქონე ადამიანი, პატიოსანი და რაც მთავარია, ახალი თაობის პოლიტიკოსები. რიგი გვედგა წინა თაობის პოლიტიკოსების, მაგრამ ჩვენ პრინციპულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი თაობის პროფესიონალებს გავუხსნათ გზა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. რაც შეეხება სიის თანმიმდევრობას, თქვენ ამ სიაში იხილავთ იმ ადამიანებსაც, რომელსაც უკვე იცნობთ, როგორიცაა თეონა აქუბარდია, სერგო ჩიხლაძე, დავით ცეკვავა," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

"სიაში იქნებიან ღირსეულთა შორის ღირსეულები, რომელიც არასოდეს არავის არ გარიგებია, ყოველთვის იღწოდნენ ქვეყნის ინტერესებისთვის, ამიტომ ჩვენ გვეამაყება, რომ ეს ადამიანები არიან ამ სიაში. რაც შეეხება პირველ ნომერს, რა თქმა უნდა, ჩვენი უცვლელი ლიდერი, საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე იქნება. მეორე სიით იქნება გენერალური მდივანი თქვენი მონა-მორჩილი, მესამე იქნება ანზორ ბიწაძე," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანმა გიგლა ბარამიძემ.

"პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ვეჯიბრებით, თუ ვინ უკეთესს შედეგს აჩვენებს. გარანტირებული ადგილი პარტიის თავმჯდომარეს და შტაბის უფროსს და მის მოადგილეს, რომლებიც კამპანიას ხელმძღვანელობენ, ხოლო დანარჩენი დეპუტატობის კანდიდატები ვართ ერთმანეთთან შეჯიბრში, ეს ნიშნავს რომ პარტიულ სიას წერს არა ვინმე კაბინეტში, პარლამენტის წევრობას გადაწყვეტს ამომრჩეველი, ეს არის ყველაზე სამართლიანი პრინციპი, რომელიც "ევროპულ საქართველოს" აქვს შემუშავებული," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

"ახალი სია აკმაყოფილებს ყველა ფორმალურ მოთხოვნას, რომელიც კანონით არის დადგენილი. საქართველოს პარლამენტში "გირჩიდან" ის ხალხი შევა სიით, ვინც განსაზღვრა დაახლოებით 5 000-ზე მეტმა ადამიანმა და მოხდა შერჩევა "გირჩის" სიის," - აღნიშნა პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანებიდან "გირჩი" ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები