16 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციას არაფერი არ ემუქრება... ესაა რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ევროპარლამენტის რეზოლუცია ისევ პოლიტიკური დაპირისპირების თემაა თბილისში - რეზოლუციის სარეკომენდაციო ხასიათზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი და ირწმუნება, რომ არც ქვეყნის ევროინტეგრაციას და არც ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება.

"არის გარკვეული ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც ვხედავთ, რომ კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში და წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში და ფაქტობრივად გაწირა ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის. ზუსტად ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე ტელეეკრანებზე. ეს ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ მათ ამერიკელი ლობისტები უმზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის და ჩანს პირდაპირ, რომ აქ საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან.

ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი ამ მხრივ აქ სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, ცდილობენ გამოიყენონ, რათა თავს დაესხან ქართველ ხალხს“.

ევროინტეგრაციის პროცესი გამოყენებული არის იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში დეპუტატის მხრიდან. ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, საქართველოს მოსახლეობას არაფერი არ ემუქრება ამ მხრივ. ეს არის რამდენიმე ქართველ ხალხზე გაბრაზებული ევროდეპუტატი. არაფერი არ ემუქრება, არაფერი არ გაუქმდება, რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ ბწკენა არის ქართველი ხალხის მიმართ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები