თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევის დიდი ნაწილი აჭარის რეგიონს უკავშირდება. მომატებულია ახალი შემთხვევები თბილისშიც. დღეს, დედაქალაქში, მარინა ენდელაძის თქმით, 72 ახალი ინფიცირების მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებულები პაციენტებიდან 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 43 არის მართვით სუნთქვაზე.
"აჭარაში არის 416 ახალი შემთხვევა, თბილისში ცოტა იმატებს, 72 შემთხვევაა, იმერეთში 44, სამგრელო-ზემო სვანეთში 23 ახალი შემთხვევა გახლავთ, ქვემო ქართლში 10, გურიაში 8, ჯავახეთში გახლავთ 3 ახალი შემთხვევა, კახეთში 1 და შიდა ქართლში 1. გარდაცვალება ორია, ერთი გახლავთ ქუთაისში, ერთი ბათუმში. ორივენი იყვნენ 80 წელს გადაცილებული პაციენტები, თანმხლები დაავადებებით და მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.
"ეს მატება მოსალოდნელია. გუშინ იყო 471 შემთხვევა, ეს კიდევ არ არის ისე ბევრი. იმიტომ რომ ყველას ხომ აქვს თავისი კონტაქტები და ასეთი მატება, ჯერჯერობით, მოსალოდნელია. ალბათ დაიკლებს თანდათან, თუკი ჩვენ, მოსახლეობა ყველაფერს გავაკეთებთ,“ - ამბობს მარინა ენდელაძე.