21-ე საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში სწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ბავშვები საკმაოდ მობილიზებულნი არიან და ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით იცავენ.
"განსაკუთრებით პირველკასელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოციალური ურთიერთობების განვითარებას. ისინი მოდიან საკლასო ოთახში, სადაც თვითდამკვიდრება და გარემოსთან ურთიერთობა უნდა შეძლონ. თავის თანატოლთან, უფროსთან, თვითმოვლის უნარ-ჩვევები უნდა განივითარონ დამოუკიდებლად. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც სკოლაში უნდა ჩამოუყალიბდეთ ბავშვებს.
აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია გადაწყვეტილება, რომ დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის, თუ ეს იქნებოდა გარანტირებულად დაცული გარემო და მათი ჯანმრთელობისთვის მინიმუმამდე დაყვანილი რისკი, აუცილებელი იყო მათი სასკოლო პროცესში, პირისპირ სწავლებაში ჩართვა, რადგან ცხოვრების სწავლება იწყება მათთვის პირველი კლასიდან. კარგი იქნება, თუ მშვიდად გავაგრძელებთ ამას და ბავშვების ფუნდამენტურ უფლებას - განათლების და განვითარების უფლებას უზრუნველვყოფთ სკოლაში, რასაკვირველია, ჯანმრთელობის უფლებასთან ერთად. ზუსტად ის პრევენციული ღონისძიებები, ის ერთმეტრიანი დისტანცია, სადეზინფექციო საშუალებები და თვითმოვლის უნარ-ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ წარმოიდგენთ, ეს პატარა ადამიანები როგორ თვითორგანიზებულები არიან. ბავშვები მზად არიან ამ უნარების მისაღებად, მთავარია, ჯანსაღმა გარემომ შეგვიწყოს ხელის იმისთვის, რომ ეს შევძლოთ,"-განაცხადა თამარ ამზაშვილმა.