ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალს ნაყოფი დაეღუპა. პაციენტი კლინიკაში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს. დღეს აჭარაში კორონავირუსს 3 პაციენტის სიცოცხლეც ემსხვერპლა. მათი ასაკი 52-დან 84 წლამდე იყო.
ბოლო პერიოდში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში თითქმის 2-ჯერ იცვლება. მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 672 კოვიდინფიცირებულიდან 60-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ახლა საყურადღებო დედაქალაქია. ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა თბილისში. თემქაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ვირუსი 10 პირს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია.
საფრთხის ქვეშ მოსწავლეების ჯანმრთელობაც დადგა. თემქის 149-ე საჯარო სკოლაში ინფექციის გავრცელების რისკების გამო მე-6 და მე-4 ჯგუფები დაიხურა. კლასების პედაგოგები და 10-ობით მოზარდი იზოლაციაშია. კორონავირუსი დადასტურდა 52-ე საჯარო სკოლაშიც.
ვირუსის გავრცელების საფრთხეებია ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში, სადაც COVID-19-ი მე-4 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.