იძულებითი პაუზის შემდეგ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სკოლამდელ დაწესებულებებში შემუშავებული რეგულაციით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის წესს ეხება. კერძოდ, მშობლებს შენობაში შესვლა შეეზღუდათ. თერმოსკრინინგის და ხელების სამედიცინო ხსნარით დამუშავების შემდეგ, ბაღში აღსაზრდელი აღმზრდელს შეჰყავს.
უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის განსაზღვრულია თითოეულ ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა. სპეციალური წესი არსებობს სათამაშოებისა და ჭურჭლის დეზინფექციისთვის. ბაღებში მოწყობილია საიზოლაციო ოთახიც - აღსაზრდელი ამ სივრცეში ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოთავსდება.
საერთო ჯამში, სასწავლო პროცესი თბილისის 183 ბაგა-ბაღიდან 179-ში განახლდა. დედაქალაქის მასშტაბით ფუნქციონირება ვერ დაიწყო 4-მა ბაღმა, სადაც ინფექცია თანამშრომლებს დაუდასტურდათ. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სასწავლო პროცესი არც აჭარაში განახლდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის, საბავშვო ბაგა-ბაღებში 2 მარტს შეჩერდა. ამ დრომდე, შრომის ინსპექციამ 130 000-მდე კომპანია, მათ შორის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები შეამოწმა. ინსპექციამ ფუნქციონირების უფლება 1 500-მდე ბაღს მისცა.