26 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
ეს არ არის ბიუჯეტი, არამედ "ოცნების" თავხედური განაცხადია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2021 წლის ბიუჯეტს "ქართული ოცნების" თავხედური განაცხადი" უწოდა.

მისი შეფასებით, ბიუჯეტი არ ასახავს არცერთ საჭიროებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. 

"დოკუმენტს, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობამ წარმოადგინა პარლამენტში, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია "ქართული ოცნების" თავხედური განაცხადი, რომ მოგვეცით ბიუჯეტის და ხალხის ფულის კიდევ ერთხელ ძარცვის უფლება, რადგან მასში არაა ასახული არცერთი ის საჭიროება, რომელიც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ,"-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას განიხილავენ. მას მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მათი შეფასებით ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ არის მორგებული მოქალაქეების პრობლემებზე.

პროექტს, ოპოზიციისგან განსხვავებით, პოზიტიური შეფასება აქვს უმრავლესობის მხრიდან. დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. წინასწარი ვერსიის მიხედვით, მასში გათვალისწინებულია პედაგოგთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა. დღევანდელი განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით განსახილველად მთავრობას დაუბრუნდება.

დღის ამბები