თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, წუხანდელი აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ.
"ბიძინა ივანიშვილის მონური სასამართლო იხილავს ჩვენი თანამებრძოლების, იმ ადამიანების საქმეს, ვისზეც ფიზიკურად იძალადეს გუშინ, მათ შორის ფიზიკურად იძალადა პოლიციამ. დღეს დილას გაათავისუფლეს ვინმე ნაცვალაძე, რომელმაც წიხლი ჩაარტყა, ფიზიკურად იძალადა ჩვენ დამკვირვებელზე, რომელიც ახლა არის ინგოროყვას კლინიკაში. ეს არის საოლქო საარჩევნო კომისიის თანაშემწე, ან მძღოლი, რომელიც, რატომ იყო შენობაში არავინ იცის,"- აცხადებს პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე.
"დაკავებულია იმ აქტივობების გამო, რომელშიც ჩემი შვილი ჩართულია. აპროტესტებს უკვე თვეებია ამ ხელისუფლების ყველა უკანონობას. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, კვირას დაგეგმილია დიდი საპროტესტო აქცია, ამიტომ ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ სავარაუდოდ პატიმრობაში დატოვებენ,"- აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული მამა რომეო ფარულავა.
"ეს ბრძოლა გაგრძელდება და ვერც დაჭერით, ვერც დაშინებით, ვერც შანტაჟით, ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ და მანამ ვიბრძოლებთ, სანამ ქართველ ხალხს არ დაუბრუნდება ძალაუფლება, რომელიც მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. მათი დაკავებაც და გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ადამიანები თუ იზოლატორში დატოვეს, ძალიან მწარედ აგებს პასუხს ბიძინა ივანიშვილი,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე, მოძრაობა "შეცვალეს" და "სტრატეგია აღმაშენებელის" აქტივისტები დააკავეს.
სამართალდამცავები ბრალდებულებს პოლიციის დაუმორჩლებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.