დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტება გააკეთა მის მიერ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის უფასო ვაქცინაცია, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, ეხება რისკ-ჯგუფებს, რომელთა ჩამონათვალიც NCDC-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:
"როდესაც მე ვთქვი, რომ არ შეიძლება გრიპის აცრაში თანხა მოსთხოვონ ადამიანს, ეს სხვანაირად იქნა აღქმული. ეს ეხება მხოლოდ რისკ-ჯგუფებს, ანუ ვისაც აფინანსებს სახელმწიფო. სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ვაქცინაში ფულის აღება და გასამრჯელოს აღება არის დანაშაული. რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი არის ჩვენ ვებგვერდზე.
არა რისკ-ჯგუფები, ვინც მიბრძანდებიან ასაცრელად, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს შეუძლია იმ ტარიფით, რა ტარიფსაც ადებენ ამ აცრას, აიღონ თანხა. ხაზს ვუსვამ, სახელმწიფო ვაქცინა არ უნდა იყიდებოდეს, აცრის პროცესსაც აფინანსებს სახელმწიფო,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.