26 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ისევ უცნობია - ოპოზიცია ხელისუფლებისგან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელ წინადადებას ელოდება

ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია როდის გაიმართება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი. მხარეები პოზიციებს არ თმობენ და ერთმანეთისაგან ახალ შეთავაზებებს ელოდებიან. ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ ბურთი მმართველი გუნდის მხარესაა და ახალი წინადადება მათ უნდა წარმოადგინონ. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, რომ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელონ - ოპოზიციის თქმით, პატივისცემის მიუხედავად ისინი ამ პარლამენტს ოთხწლიან ლეგიტიმაციას ვერ მისცემენ.

"ჩვენი მოთხოვნა ძალაშია, რომ ხელისუფლების არჩევნებით ცვლილების ინსტრუმენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოაშთო, დაბრუნდეს უკან. ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არჩევნების გზით ხელისუფლება გადაირჩიოს. ძალაში არის მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებისა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია სიყალბეში მონაწილეობას არ აპირებს:

ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ არ შევიდეს და არ მიიღოს მონაწილეობა სიყალბეში იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი წინაპირობა რომ მივიღოთ მართლაც სამართლიანი არჩევნები. თუ ხელისუფლება მოვა რაციონალური წინადადებებით, ჩვენ ამ წინადადებას ბუნებრივია განვიხილავთ, მაგრამ თუ არ იქნება წინადადება, მაშინ დარჩება სტატუს კვო, სტატუს კვო კი არის ის რომ ქვეყანაში გაფორმდება ჩრდილო კორეის მსგავსი ერთპარტიული პარლამენტი, - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციაში არის სრული ერთობა და ისინი შეძლებენ, რომ ახალი არჩევნები მოიპოვონ:

"ოპოზიცია ნამდვილად მზადაა მოისმინოს ხელისუფლების წინადადება და შემოთავაზება. ჩვენი წინადადებები ცნობილია, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, პოლიტპატიმრები და ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციაში არის სრული ერთობა, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა ხელახალი არჩევნებისათვის და ამ არჩევნებს აუცილებლად მოვიპოვებთ," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ხელისუფლებისგან ადეკვატური წინადადების მოლოდინი აქვს "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისტვის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სივრცე გაჩნდეს.

"ოპოზიცია არის ერთიანი, ის მოთხოვნები რომელიც გავაჟღერეთ და რომელიც განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი საჭიროებებით, რჩება უცვლელი. ველოდებით მესამე რაუნდს და გვაქვს იმედი და მოლოდინი იმისა, რომ მესამე რაუნდზე ქართული ოცნება წარმოდგენილი იქნება თანმხვედრი და ადეკვატური წინადადებით, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სივრცეს გააჩენს," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები