პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ნინო კალანდაძის დაკითხვა მის საჯარო განცხადებებს უკავშირდება.
მისივე თქმით, ამ განცხადებებში ნინო კალანდაძე დავით გარეჯის ტერიტორიას საქართველოს შემადგენელ ნაწილად არ მოიხსენიებდა.
"დაიკითხება ნინო კალანდაძე. მას შეეთავაზა გამოკითხვა, მაგრამ უარი განაცხადა და გამოთქვა სურვილი, რომ დაიკითხებოდა მოსამართლის წინაშე. რაც შეეხება მისი დაკითხვის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს - როგორც მოგეხსენებათ, მაღალი თანამდებობა ეკავა მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ამ პოსტზე მუშაობისას მას საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია - დავით გარეჯი, არ ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა და სწორედ ამასთან მიმართებაში მოხდება მისი დაკითხვა და დაისმება ყველა რელევანტური კითხვა. ის კომისიის წევრი არ ყოფილა, თუმცა იყო მოადგილე,"- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.