19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც, რომ როგორც კი სხვა ქვეყნებში დაიწყება ვაქცინაცია, გარკვეული დოზები შესაძლებელი იყოს საქართველოშიც - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაახლოებით, მარტი-აპრილის თვეში იქნება. 

თუმცა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოხერხდა პირდაპირი შესყიდვა, საქართველოში ვაქცინის გარკვეული დოზა, შესაძლებელია, უფრო ადრეც აღმოჩნდეს. 

"ვაქცინის გამოყენება, ჯერჯერობით, დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს. ეს დააანონსა აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ. ასევე, აანონსებს საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ფრანგული ფირმა მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე არცერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული, არც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე.

თუმცა, არსებობს დამტკიცების ასეთი ფორმა. ე.წ. ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ "კოვაქს პლატფორმასთან", მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები. "კოვაქს პლატფორმა", სადაც 170 ქვეყანაა გაწევრიანებული, რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 2021 წლისთვის და არა მხოლოდ ერთი სახის ვაქცინის.

სხვათა შორის, ძალიან კარგი გადახდის პირობები გაკეთდა "კოვაქს პლატფორმასთან": ჩვენ გადავიხადეთ 4.5 მილიონი წინასწარი შენატანი, ცოტა მეტი გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. დიდი ალბათობით, ეს იქნება მარტი-აპრილისთვის.

ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც ტელეკონფერენცია გვქონდა "ასტრაზენეკასთან", ოქსფორდის ვაქცინასთან, მათთან პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების დახმარებით, რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, რომ როგორც კი სხვა ქვეყნებში დაიწყება ვაქცინაცია, გარკვეული დოზები, შესაძლებელი იყოს საქართველოშიც,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები