26 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
ბუნებრივი აირის ფასის ზრდა პროდუქტების ფასის გაძვირებას გამოიწვევს - ანალიტიკოსები პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ

ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ ანალიტიკოსები. მათი შეფასებით, საწარმოებისთვის "თბილისი ენერჯის" მიერ ბუნებრივი აირის გაძვირება ქვეყანაში არსებული სხვა პროდუქტების ფასის გაძვირებას გამოიწვევს.

ფინანსისტები თვლიან, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გადასახადების შემცირება და ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვის შეწყვეტაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური ექსპერტები მომავალი წლიდან საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკური ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ელოდებიან.

"ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ინფლაციის ტემპია, განსაკუთრებით ეს ეხება პირველადი მოხმარების საგნებს, შესაბამისად ნებისმიერი ფასების ზრდა, იქნება ეს გაზზე, ელექტროენერგიაზე თუ საწვავზე, როცა ფულის მასა იზრდება და ქვეყანაში დღეს ფულის მასა იზრდება სამწუხაროდ, გამოიწვევს სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. ერტის მხრივ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს ფულის ბეჭდვა და ფულის მასის ზრდა და მეორე მხარეს მთავრობამ  უნდა შეამციროს გადასახადები," - აცხადებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი.

ფასების ზრდას არც თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია სხვა თანმდევი პროცესებიც რაც ეკონომიკაში ხდება:

"რაც შეეხება იურიდიული კომპანიების მიმართულებას, თუ კომპანიამ არ გააკეთა გამონაკლისი, ელექტროენერგიის ხარჯთან ერთად ბუნებრივი აირიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი საწარმოსთვის და ამან რა თქმა უნდა შეიძლება გავლენა იქონიოს ფასების ზრდაზე. გააჩნია სხვა თანმდევი პროცესები რა ხდება ეკონომიკაში," - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები