19 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ 24 წლის პაციენტის მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობდა

რატომ გარდაიცვალა მცხეთის ცხელების ცენტრში 24 წლის პაციენტი - მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძის განცხადებით,  პაციენტის მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რის შესახებაც ინფორმაცია არც ჰქონდათ რადგან თავად პაციენტი არ იყო ინფორმირებული მისი ქრონიკული ანამნეზის შესახებ.

მედიკოსების განმარტებით, პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, რაც კლინიკაში სპეციალური კვლევებით დადგინდა.

"პაციენტს ჰქონდა სუნთქვის გაძნელება, ხველა, ფილტვების ანთებისთვისპნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის რამდენიმე დღიანი ანამნეზი. თანმხლებ დაავადებებს რაც შეეხება, გოგონა იყო ჭარბი წონით. მას თვითონ არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე, თუმცა ანამნეზის ჩაკითხვისას ის არ ამბობდა, ქრონიკულ დაავადებების არსებობაზე არ უსვამდა ხაზს.

პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით, მიდიოდა ყველა ის მედიკამენტი, რაც მას ესაჭიროებოდა, კონკრეტულად დამაძინებელ მედიკამენტებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გოგონას არ სჭირდებოდა არანაირი სედაციური საშუალებები. პაციენტს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, მან არ იცოდა, ჩვენ რუტინული კვლევით დავადგინეთ ეს ფაქტი," - აცხადებს ლიკა მუმლაძე.

შეგახსენებთ, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკაში თავდაპირველად დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მოგვიანებით დამძიმდა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. 

დღის ამბები