19 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
სამტრედიაში 53 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან მოკლეს - სახლში ამ დროს ოჯახის არასრულწლოვანი წევრიც იმყოფებოდა

სამტრედიის რაიონში მომხდარ მკვლელობის დეტალები - სოფელ კორმაღალაში პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 53 წლის მამაკაცს სახლთან მიაკითხა, დაუძახა და გამოსულს სანადირო თოფიდან ესროლა. სახლში ამ დროს ოჯახის არასრულწლოვანი წევრიც იმყოფებოდა, რომელმაც 112-თან დაკავშირება შეძლო.

მოკლულის ახლობლები მკვლელობის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულ პირს ისინი არ იცნობენ. მათივე განცხადებით, მოკლული მეტყევედ მუშაობდა და შესაძლოა შემთხვევაც მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

მოკლულის მეზობლები და ახლობლები ამ წუთებში სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

"მოუკლია წუხელ თოფით. ღამე დაუძახეს, ააყენეს, გასულა გარეთ, მისულა სალაპარაკოდ და გავარდა თოფი. ყველასთან კარგად იყო, არავისთან არ იყო ცუდად," - განაცხადა მოკლული კობა ნიკოლეიშვილის ნათესავმა. 

"გავარდა თოფი, კივილის ხმა შემომესმა. ვიღაც მოსულა, დაუძახია კობასთვის გარეთ გამოდიო, შენთან საქმე მაქვსო. ეს ფანრით გავიდა, მიანათა და იმან ესროლა. მუცლის არეში ჰქონდა ჭრილობა. მეტყევედ მუშაობდა, შეიძლება ვინმეს ხე არ მისცა ან რამე და ამან გამოიწვია კონფლიქტი," - აღნიშნა მოკლული კობა ნიკოლეიშვილის ნათესავმა.

დღის ამბები