ივერი მელაშვილის ადვოკატი მე-8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას ბრალდებულის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ედუარდ მარიკაშვილის მტკიცებით, ადმინისტრაციამ არ მისცა უფლება ბრალდებულს ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით წერილი მიეწოდებინა. დაწერილია საჩივარიც. ბრალდებას კანონის დარღვევასთან დაკავშირებით უარყოფს ციხის ადმინისტრაცია.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის წერილის ადრესატისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება და ის არ გულისხმობს ბრალდებულის მიერ თუნდაც ადვოკატისთვის გზავნილის პირდაპირ გაგზავნას.
"ბატონ ივერის სურდა, რომ ჩემთვის გადმოეცა მის მიერ მომზადებული დოკუმენტი. ბატონი ივერის განმარტებით, ეს იყო მისი ანალიზი საქმესთან დაკავშირებული გარკვეული საკითხის. ჩემამდე არც ამოუღწევია ამ დოკუმენტებს, ისე დაბლოკა ციხის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტების ჩემთვის გადმოცემა.
მე უკვე დავტოვე განცხადება, საჩივარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სახელზე და მოვითხოვე შემდეგი რეაგირება იმიტომ, რომ ეს არის წარმოუდგენელი, რომ ასე ვთქვათ ბრალდებულს და ადვოკატს შორის კომუნიკაცია ასეთი უხეში ფორმით შეზღუდოს ციხის ადმინისტრაციამ," - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.