პატიმარი, რომელიც დამძიმებული მდგომარეობით, ქსნის ციხიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს, ორ იანვარს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციიდან მე-7 დღეს დამძიმდა.
როგორც სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, პაციენტს კორონავირუსთან ერთად, სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან მათ კლინიკაში ხშირად გადაჰყავთ კოვიდ პაციენტები.
"ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანისაც. იყო ერთი გარდაცვალების ფაქტი, რომელსაც აღენიშნებოდა კოვიდ დაავადებასთან ერთად სხვადასხვა თანხმლები დაავადებებიც.
სხვადასხვა დაწესებულებებიდან არიან გადმოყვანილი პატიმრები, სხვადასხვა დაავადებებით და მათ შორის, არის კოვიდ ინფიცირების შემთხვევებიც,“ - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი პატიმარი, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობდა და იმ დროისთვის, მას უკვე გათავისუფლებულის სტატუსი ჰქონდა.