რაჭაში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის.
გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ ხანძრის 4 კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უწყვეტი სამუშაოების შედეგად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. ამბროლაურში, სოფელ აბარში და ონში, სოფელ ონწევი ჭოლას მიმართულებაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ მიმართულებით მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ხანძრის 4 კერაა დარჩენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
ხანძარი ლოკალიზებულია წალენჯიხაში, სოფელ სქურში არსებულ ორ კერაზე და სოფელ ფახულანში. ხოლო სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება მარტვილში, სოფელ დობარაზენში.
ასევე ლოკალიზებულია ხანძარი, შიდა ქართლშიც. კასპში, რკონის ხეობაში წყლის მაგისტრალები მიყვანილია ხანძრის კერებამდე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
500 მეხანძრე-მაშველი დარჩენილ კერებს სრულად აკონტროლებს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნული კერების მონიტორინგი, აქტიური სამუშაოები კი გათენებისთანავე განახლდება. მოსახლეობას საფრთხე, არც ერთ კერაზე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში არავინ დაშავებულა.
4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 255 ლიკვიდირებულია, 4 კი ლოკალიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე," - ნათქვამია განცხადებაში.