"კურიერის" კამერამ ბავშვთა საავადმყოფოს პალატები ექსკლუზიურად გადაიღო. საავადმყოფოს კედლებში 40 დღის ჩვილი კორონავირუსს უკვე მე-12 დღეა ებრძვის. პაციენტის ინფიცირების წყარო მშობელია. ინფექცია ჯერ დედას, მალევე კი ახალშობილსაც დაუდასტურდა.
მრავალპროფილურ და იშვიათ დაავადებათა განყოფილება არაერთი პაციენტის ისტორიას ინახავს. კლინიკა 18 წლამდე კოვიდინფიცირებულებს ემსახურება. სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 და 17 დღის პაციენტებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა ასაკში COVID-19 გართულების გარეშე მიმდინარეობს, მედიკოსები ჩვილებში განსაკუთრებული ყურადღების საჭიროებაზე საუბრობენ, რადგან პატარები კლინიკური სიმპტომების შესახებ ვერბალურად ვერ გადმოგვცემენ.
სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში განსაკუთრებით საყურადღებო რამდენიმე პაციენტია. მძიმეა იმ მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა ქრონიკულ დაავადებებს კორონავირუსი დაერთო.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კოვიდინფიცირებულ მოზარდებს 22 ნოემბრიდან ემსახურება. ამ დროისთვის კლინიკის დატვირთვა დაახლოებით 30-40 %-ია. საავადმყოფოში არის თავისუფალი ადგილებიც. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულება კოვიდმიმღებად გადაკეთდა, კლინიკამ მრავალპროფილურობა შეინარჩუნა.