19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ორად გაყოფილი მოსახლეობა სოფელ ბუკნარში - სოფელში მუფთი ჩავიდა

სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ჩავიდა. ასლან ბერიძე დაპირისპირებაში მონაწილე მუსლიმ თემს უსმენს. მისი თქმით, პარასკევის ლოცვა ყოველკვირეულად ჩატარდება და ეს ხელს არავის შეუშლის.მუფთი განმარტავს, რომ სამლოცველო სახლთან მინარეთის აშენება და ხმის გამაძლიერებელი სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება.

"პარასკეობით ლოცვა აუცილებლად შესასრულებელია ერთად, ჯგუფურად. ჯგუფური ლოცვისთვის აუცილებლად გამოსაყენებელია ერთი ადგილი. აქ ლოცვა არ გაჩერდება. ლოცვა გაგრძელდეს, არავის არაფერს უშლის. აქ ატრიბუტი არ აქვს, მინარეთი არ აქვს, მოწოდება არ აქვს ისეთი, რომ ვინმეს ხელი შეეშალოს. მოდის ადამიანი 10-15 წუთით, რომ ილოცოს და წავიდეს,“ - ამბობს ქობულეთისა და გურიის მუფთი, ასლან ბერიძე.

უცვლელია მეორე მხარის პოზიცია. სოფელ ბუკნარის ცენტრში ადგილობრივი ქრისტიანების აქცია მიმდინარეობს. ისინი ეწინააღმდეგებიან ადგილზე ახალი მეჩეთის აშენებას, ან იმ სახლზე რაიმე კონტრუქციის დამატებას, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ლოცულობენ. შეკრებილები ამბობენ, რომ სოფელ ბუკნარიდან, 10-15 წუთის სავალზე, სხვა სოფლებში არის მეჩეთები და იქ შეუძლიათ მორწმუნეებს, აღასრულონ ლოცვა.

"არ გვინდა ამ ჩვენს პატარა სოფელში იყოს მეჩეთი. მით უმეტეს, რაიონში არის საკმარისი მეჩეთი, 10-15 წუთის სავალზე,“ - ამბობს ადგილობრივი.

მხარეებს შორის ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა სოფლის წარმომადგენლები იქ არ ჩავიდნენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არის ჩართული, თუმცა გუშინ მომხდარმა ფაქტმა მოლაპარაკებები გაართულა.

"ეს შეხვედრა, მე ვთვლი, რომ ყველა ვარიანტში გაიმართება, მაგრამ სად გაიმართება, ამაზე ჩამოვყალიბდებით. აქამდე ეს კონფლიქტი არ იყო, ეს იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირადად მე, დაახლოებით, 7 შეხვედრა მაქვს ჩატარებული ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ სოფლის ქრისტიანული და მუსულმანური თემის წარმომადგენლებთან. არის საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმება მიღწეული. სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ინციდენტი, ამან გაართულა მოლაპარაკებები,“ - აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა.

დღის ამბები