ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, ხანძრის შემდეგ აღმოჩენილ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, ამის შესახებ "კურიერთან" გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები საუბრობენ. მათი თქმით 39 წლის მამაკაცს, დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. მამაკაცის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი კვალის დაფარვის მიზნით იქნა გაჩენილი.
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო. ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდრება დროულად შეძლეს, თუმცა მათ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროგამაცხელებელმა გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.