გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, სხვა კომპანია განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" და "იკორთა 2007" ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით, 12000 - 12000 ლარს მოიცავს.
"სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.
ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების მიზეზით, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუშინ საღამოდანვე დაიწყო და დღეს დასრულდება. აღდგენილი მყარი გადახურვის სათანადო წესით გამაგრების პარალელურად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის სპეციალისტების ზედამხედველობით გადამოწმდება დროებითი გადახურვების ყველა არეალი. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია "ბაგინეთი +" განახორციელებს.
სამუშაოების წარმართვას კი ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება," - აღნიშნულია განცხადებაში.