19 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
მოლოდინებს არ ვქმნით, თუმცა არ ყოფილა შემთხვეევა რომ უკანონო პატიმარი დარჩენილიყოს ე.წ. ციხეებში - გიორგი საბედაშვილი ზაზა გახელაძეზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ მკაფიო სურათი მაშინ დადგება, როდესაც ე.წ. სასამართლო პროცესები დასრულდება.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, სახელმწიფო ყველანაირ ბერკეტს იყენებს საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლისთვის, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართულობით.

"ზაზა გახელაძის კიდევ ერთი ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს არის დაგეგმილი. ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ამ პროცესების პარალელურად ცხელი ხაზის მეშვეობით და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართულობით. ველოდებით, რომ პროცესი გარკვეულ კონტურებს იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნულ, უკანონოდ დაკავებულ პირთან მიმართებაში, უფრო მკაფიო ფორმას მიიღებს, როცა მათი ე.წ. სასამართლოები დასრულდება. ჩვენთვის საკითხი დგას ასე: სასამართლოებით თუ მის გარეშე ზაზა გახელაძე არის უკანონო პატიმარი და მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ დასრულდება ეს უკანონო დაკავების ქეისი.

მოლოდინებს არ ვქმნით, თუმცა არ ყოფილა შემთხვეევა, რომ უკანონო პატიმარი დარჩენილიყოს ე.წ. ციხეებში,"-განაცხადა გიორგი საბედაშვილმა. 

"დღის კურიერის" კითხვას, ქმნის თუ არა ზაზა გახელაძის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიმძიმე იმის ფიქრის საფუძველს, რომ საოკუპაციო რეჟიმი უკან დახევას არ აპირებს, გიორგი საბედაშვილმა უპასუხა, რომ ყოფილა კიდევ უფრო მძიმე ბრალდებების პრეცენდენტიც, თუმცა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება მაინც მომხდარა. 

მისივე ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ააქტიურებს ცხელ ხაზს და საოკუპაციო რეჟიმს სთხოვს ინფორმაციას ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ არის არანაირი გართულება როგორც ზოგადი ჯანმრთელობის, ისე ვირუსული ინფექციის თვალსაზრისით,"-განაცხადა გიორგი საბედაშვილმა. 

დღის ამბები