საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, მათივე დაქირავებული ადვოკატის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის საქმის დასრულებამდე 3-4 ე.წ. სასამართლო პროცესია დარჩენილი.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, დაქირავებული ადვოკატი ამბობს, რომ გათავისუფლების პროცესი დაიწყება მას შემდეგ, რაც ე.წ. სასამართლო ზაზა გახელაძის საქმეზე განაჩენს გამოიტანს. შემდეგ, მისივე თქმით, ელოდებიან ე.წ. შეწყალებას.
ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა ფსიქოლოგიურად უჭირს, რადგან საკანში სრულიად მარტოა.
"დღესდღეობით, ზაზა უკეთესადაა, კარგად გრძნობს თავს. წითელი ჯვარი რატომღაც ვერ ახერხებს დროულად შესვლას და მის მონახულებას. დეკემბრის დასაწყისში იყო შესული, გადმოგვეცა წერილი, სადაც წერდა, რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა. ერთი ეგ არის, რომ დაკავებულია და მარტო ზის საკანში. პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მომენტია.
გატაცების პირველი დღიდანვე ეს დაპირებებია, რომ ზაზა მალე დაუბრუნდება ოჯახს. არასდროს არავინ დაუტოვებიათ უყურადღებოდ. ალბათ მთავრობაც აკეთებს რაც შეუძლია, მაგრამ რატომღაც, დროში იწელება ეს ყველაფერი, იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება.
წერილი 28-ში დავწერეთ, უკვე გადაეცა ზაზასო, მაგრამ ამანათი გავაგზავნე და ჯერ ადრესატამდე არ მისულა,"-განაცხადა ირმა ბუთხუზმა.