დიდ ბრიტანეთში მყოფი ვირუსოლოგის, ტატა ქებაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში იმედი აქვთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოსახლეობის 20%-ს კორნავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით იქნება აცრილი.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ვაქცინებთან დაკავშირებით მოლოდინები პოზიტიურია და ვარაუდობენ, რომ მისმა დაცვამ, შესაძლოა, 1 წელსაც გასტანოს.
"დიდ ბრიტანეთში უფრო და უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაცია, უფრო და უფრო მეტი აცრის ცენტრები დაემატა. ვფიქრობთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მოსახლეობის 20% უნდა იყოს აცრილი, იმედია, რომ შეძლებენ.
ახლა ისრაელში "ფაიზერის" ვაქცინასთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან პატარა კვლევა, რაშიც 102 ადამიანი მონაწილეობდა და ამბობენ, რომ ძალიან კარგი შედეგი იყო. მეორე დოზის შემდეგ, ერთ კვირაში ყველას ჰქონდა ანტისხეულების ძალიან მაღალი რაოდენობა. ეს ანტისხეულები რამდენ ხანს გაძლებს, არავინ იცის, თუმცა, პირადად ჩემს ხელში რამდენმაც გაიარა ანტისხეულების ტესტი, ამას მე ჩემი ხელითაც ვაკეთებ, მინდა გითხრათ, რომ ბევრ ადამიანს, რომელთაც ძალიან რთულად ჰქონდათ გადატანილი კოვიდი, 8-9 თვის შემდეგ კიდევ აქვთ ანტისხეულები. როგორც ვიცით, mRNA ვაქცინა ძალიან კარგ შედეგს იძლევა და ამბობენ, რომ უფრო დიდხანს უნდა გაძლოს. იმედი მაქვს, რომ სულ ცოტა, 1 წელი მაინც გაგვიძლებს,"-განაცხადა ტატა ქებაძემ.
ტატა ქებაძე მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს, რომელმაც "კოვიდ-19" გადაიტანა შესთავაზებენ ვაქცინაციას, უარი არ უნდა თქვას, რადგან ზუსტად არავინ იცის, რამდენ ხანს გაძლებს ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის გადატანის შედეგად რჩება.