26 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
ასეთ საქციელს ვერ მოვიწონებთ, მაგრამ ამისთვის ადამიანის დაკავება ნამდვილად შერჩევითი სამართალია - სერგო ჩიხლაძე ბათუმის ინციდენტზე

ინციდენტი, რომლის დროსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა, საზოგადოების ნაწილმა საჯაროდ დაგმო, მათ შორის სახალხო დამცველმაც, რომელმაც თქვა, რომ პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში არ ჯდება.

მომხდარი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ, მაგრამ, პარალელურად, განცხადებებში ხაზს უსვამენ იმას, რომ მათთვის მომხდარის ფორმები მიუღებელია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ, ამ შემთხვევაში პრობლემა შერჩევითი სამართალია.

"არ მახსენდება არავინ, ალბათ ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვინც ამ ფაქტს მოიწონებდა, თუმცა აქ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რა სამართლებრივი რეაგირება მოახდინა სახელმწიფომ. მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკური, შერჩევითი სამართალი, რადგან, ცხადია, და ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ სხვადასხვა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს სხვადასხვა ქმედება და სახელმწიფომ გამოიყენოს სხვადასხვა სასჯელის ფორმა მათ წინააღმდეგ. სასჯელის ეს ფორმა არის განსაკუთრებით მკაცრი პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

"ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ ხაზი გაუსვა, რომ მომხდარს არანაირი კავშირი არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან. 

"ქართული ოცნება" ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობას მხოლოდ ოპოზიციაში ხედავს და ეს ალბათ გასაკვირი არ არის, რადგან ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა. პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა ჩვენთვის მიუღებელია, ეს არის ძალიან სამწუხარო ფორმა პროტესტის გამოთქმისა, ამას გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს. ძალიან ამორალური და ცუდი საქციელია ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა,"-განაცხადა საბა ბუაძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებისთვის "ქართული ოცნების" აქტივისტები თუ საჯარო მოხელეები არ დასჯილან. 

"თვითონ ასეთი ქმედება არ არის მაღალი პოლიტიკური სტანდარტი და ჩვენ ვერც ვერავის მოვუწოდებთ და ვერც მოვუწონებთ ასეთ საქციელს. რაც შეეხება ადამიანის დაკავებას ამისთვის, ეს ნამდვილად არის შერჩევითი სამართალი, ორმაგი სტანდარტი, რადგან ამ ქვეყანაში არ დასჯილან მსგავსი ქმედებისთვის ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო პირები, რომელთაც მსგავსი ქმედებები ჩაიდინეს, ასევე, "ქართული ოცნების"აქტივისტები,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას თავზე ნაგავი დააყარა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მშენებლობას აპროტესტებდა, ამავე აქციაზე იყო ირაკლი ჩავლეიშვილიც.

ინციდენტში ბრალდებული ირაკლი ფანგანი უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას და დევნას გულისხმობს. 

დღის ამბები