19 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა და რეგიონის უსაფრთხოება განიხილეს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა. შეხვედრა ქ. ბრიუსელში, NATO-ს ​ შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე შეხვედრები მიმდინარეობს. გენერალმა მათიაშვილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, NATO-სან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და NATO-ს ​ეგიდით ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" საქართველოს კონტრიბუციაზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც NATO-ს ​ კრიტიკული პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, რჩება საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს კონტრიბუცია ავღანეთში NATO-ს ​ "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

გენერლებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და მომავალ წელს დაგეგმილ NATO-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს ყურადღება.

დღის ამბები