ქურდული სამყაროს მნიშვნელობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ბავშვების სიცოცხლე - გზავნილები ამბიონიდან, რომლის გამოც შესაძლოა სასულიერო პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას სახარებისეულ სწავლებასთან შეუფერებელი უწოდა და მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი.
დეკანოზმა ქურდული სამყაროს მნიშვნელობაზე ქადაგების დროს ისაუბრა, გაიხსენა პერიოდი, როცა კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყნიდან გაუშვეს, ასევე ისაუბრა კორონავირუსსა და ბავშვების სიცოცხლეზე, ეს ვიდეოები სოციალურ ქსელში უკვე ორი დღეა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
"ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებს ბაბუ. თუ არადა, თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში… მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?" - განაცხადა დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ.
დეკანოზის განცხადებით, რადგან ჭიათურაში მსახურობს, თვეში ერთხელ 1000 ევრო უნდა გადაუხადონ. ასევე მისი თქმით, ქურდული სამყაროს წევრებისგან ხალხს ბევრი რამის სწავლა შეუძლია:
"რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და აქ ვემსახურები მაღაროელებს და ამ სისტემას, ამ მოწამლულ ქვეყანას, 1000 ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდონ ჯიბეში. არ დამიმალია მე და მუშას რამდენი მისცეთ, მე ეს არ ვიცი-მეთქი. ქურდი რომ მომკვდარიყო და გასვენებაში ქურდი არ მისულიყო… დამთავრებული ამბავია… რამდენი რამ შეიძლება ისწავლოთ იმ ხალხისგან, იცით, ხალხო?" - აღნიშნა დეკანოზმა.
დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ საკუთარ ქადაგებაზე განმარტებების გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ ის ამბიონის გარდა არსად არ ისაუბრებს.