24 იანვარს, საკვირაო ქადაგებისას ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მღვდელმა, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა. ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სასულიერო პირმა მორწმუნეებს უთხრა, რომ უმჯობესია, ადამიანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალოს, ვიდრე მომავალში "უმოქმედო, ან პარაზიტი გახდეს".
დეკანოზი არც ქურდული მენტალობის რომანტიზებას მოერიდა. მღვდელმა ძველი მეგობრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ხშირად სამართლიანები იყვნენ. მისივე მტკიცებით, აუცილებელია ჭიათურაში არსებულმა ბიზნესმა, რომელიც მანგანუმს მოიპოვებს, მას ყოველთვიურად 1000 ევრო ხელფასის სახით გამოუყოს.
მკვლევარები საეკლესიო საკითხებში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეკანოზი ამბიონიდან სიძულვილის ენით ქადაგებს.
ამბიონიდან გაკეთებულ მძიმე შინაარსის ქადაგებაზე საქართველოს საპატრიარქომ ჭიათურა-საჩხერის მმართველის განცხადება გაავრცელა. მოგვიანებით, მიტროპოლიტმა დანიელმა ფაქტი, როგორც შეცდომა ისე შეაფასა და განმარტა, რომ სასულიერო პირის საკითხს საეკლესიო კანონიკის ფარგლებში ეპარქიის საეკლესიო კრება განიხილავს, რა დროსაც დეკანოზ თადეოზ სარალიძის პასუხიმგებლობის საკითხზე იმსჯელებენ.
"კურიერის" ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, საეკლესიო კრების შემდეგ, რომელსაც მიტროპოლიტი დანიელი უხელმძღვანელებს, სასულიერო პირს აეკრძალოს სოციალურ ქსელში ქადაგებების განთავსება, ასევე, სავარაუდოდ, მას მოუწევს ყველა ქადაგების შინაარსის შეთანხმება ეპარქიის მმართველთან.