ტექნოლოგიური კომპანია Glovo პარტნიორი კურიერების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებული პრობლემები კურიერების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული, რის შედეგადაც საბონუსე სისტემის ადაპტირებას გარკვეული დრო ესაჭიროება.
კომპანიის განმარტებით, ისინი აქციაში მონაწილე გლოვერებისგან კონკრეტულ მოთხოვნებს ელოდებიან, რათა მათთან ერთად კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა შეძლონ.
"ვაცნობიერებთ, რომ ახლა ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც შემსუბუქებისკენ მივმართოთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი და გავითვალისწინოთ როგორც გლოვერების, ისე Glovo-ზე განთავსებული ობიექტებისა და მომხმარებლების მდგომარეობა.
მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ კურიერებთან, ვაცნობთ მათ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ. კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი შეკვეთა საათზე ნაკლებ დროში მიიღოს, ამასთანავე, ყველასთვის ცნობილია, რომ Glovo-ს თითო კურიერი მხოლოდ თითო შეკვეთას ემსახურება, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვზრდით კურიერების რაოდენობასაც და ვახდენთ საბონუსე სისტემის ადაპტირებას, რაც სტანდარტული პროცესია და დრო სჭირდება.
გლოვერები, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ნამდვილ სუპერგმირებად იქცნენ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, Glovo-ს მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები.
პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ შექმნილი სიტუაციის გამო დაზარალდეს მომხმარებელი და მით უფრო, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "გლოვოს" კურიერების ნაწილმა მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ანაზღაურების გაზრდას და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ.