17 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
რომ მოკვდება ადამიანი, არ მჭირდება ISFED, IRI, NDI - პარლამენტი მკვდარია - შალვა ნათელაშვილი

არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, საბოლოო შედეგზე დისკუსია ისევ გრძელდება. უკმაყოფილოა ოპოზიცია, რომლიც არგუმენტების "ქართულ ოცნებას", ტრადიციულად, არ სჯერა.

მმართველი გუნდისთვის პროცენტები სადავო არ არის, რადგან, მათი შეფასებით, ყველა შესაძლო ეჭვი არაერთი მტკიცებულებით გამოირიცხა. მათ შორის, "სამართლიანი არჩევნების" ბოლო განცხადებით, რომლითაც მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის 2 ძირითადი მიგნებიდან ორივე მცდარი აღმოჩნდა.

"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი აღნიშნავს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები არასდროს ყოფილა ოპოზიციის ძირითადი არგუმენტი.

"ISFED-ის ​ პარალელური დათვის შედეგები არ ყოფილა ჩვენთვის არასდროს მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი. ოქმების დიდ ნაწილში, დაახლოებით, მესამედში იყო ცდომილება მატების მხრივ. იყო გადასწორებული ოქმები, იყო ოქმები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბიულეტენები დაიკარგა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, რომ იქ შეიძლება დატრიალებულიყო ე.წ. კარუსელი. შესაბამისად, ეს არჩევნები არის გაყალბებული და მისი შედეგები არ შეესაბამება სინამდვილეს.

სწორედ ამის გამო, "ევროპული საქართველო" და ოპოზიცია ვუცხადებთ ბოიკოტს ამ პარლამენტს,"-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ISFED-ს, IRI-ს, NDI-ს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებს. 

"რომ მოკვდება ადამიანი, არ მჭირდება ISFED, IRI, NDI - ის მოკვდა. პარლამენტი მკვდარია არჩევის დღესვე. ახლა ისინი რას დაწერენ, როგორ შეცვლიან და გადააკორექტირებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ISFED, IRI, NDI და სხვა, ესენი არიან ყველა გაყალბებული არჩევნების მაცხონებლები და დამამტკიცებლები. თუ ასე გააგრძელებენ, ჯობს, არ საქმიანობდნენ ამ ქვეყანაში,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და მაშინ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნებს, როცა ეს თავად მას აწყობს. 

"8%-იანი ცდომილება, რომელიც ძალაშია და, სხვათა შორის, იმ ხმამაღალი მოვლენების შემდეგ, მაშინაც არ შეუცვლია ISFED-ს პოზიცია და ამბობდა, რომ ეს ცდომილება რჩება, იგივე დაადასტურა ISFED-მა. ეს კიდევ ერთი, დამატებითი არგუმენტია, თუმცა არა მთავარი არგუმენტი ოპოზიციური პარტიების ხელში. როდესაც ISFED-მა თქვა, რომ რაღაც შეეშალა, მაშინ სწორი იყო, ახლა, როდესაც ამბობს, რომ არსებობს 8%-აიანი ცდომილება - მაშინ არასწორია, ეს არის ორმაგი სტანდარტი. რაც აწყობს, იმას აცხადებს "ქართული ოცნება",-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები