17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ყველას უნდა ეყოს გამბედაობა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - ანრი ოხანაშვილი

ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით პარტია "გირჩის" ულტიმატუმს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  პოლიტიკური ძალების ამჟამინდელი ქმედებები განსაზღვრავს იმას, თუ ვის რა პოლიტიკური წონა ექნება შემდგომ პოლიტიკურ პროცესებში. რაც შეეხება "გირჩის" ულტიმატუმს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების შემთხვევაში შესაბამის განცხადებებს ისინიც დაწერენ, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მათ არ აშინებთ:

"ამას განსჯის ამომრჩეველი და საზოგადოება, ვის რა პოლიტიკური წონა ექნება შემდგომი პოლიტიკური პროცესებისთვის და ასევე ვინ განახორციელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის სწორ ნაბიჯს და ვინ დარჩება საბოტაჟის ერთგული და სამწუხაროდ იქნებიან დემოკრატიული პროცესების ძირგამომთხრელი ჯგუფები. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველას უნდა ეყოს გამბედაობა, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება მომართვას, მოგვმართონ. ისევე, როგორც ხვალ უწევს განხილვა სხვა დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ასევე რეგლამენტის ვადების გათვალისწინებით განვიხილავთ ამ ადამიანების მომართვასაც და თუ გონიათ, რომ ამითი ვინმეს აშინებენ მოგვმართავენ თუ არ მოგვმართავენ, არჩევანი მათზეა,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიერ, მაგრამ ამასთანავე პარლამენტს აქვს პროცედურების დაცვის ვალდებულებაც:

"ეს არის თითოეული დეპუტატის დისკრეცია და ცხადია, ის მიიღებს გადაწყვეტილებას სასესიო დარბაზში თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში და შესაბამისი კონსულტაციებიც, რაც შეეხება "გირჩის" განცხადებას, მე მესმის "გირჩის" სულისკვეთება, ზოგადად საპარლამენტო რესურსი უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ამაზე მოუწოდებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, თუმცა არსებობს შესაბამისი პროცედურა რომელიც ასევე უნდა იყოს დაცული," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები