"ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს და კენჭისყრაზე ჩააგდებს.
"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წევრები მსჯელობდნენ, შეუწყვეტდნენ თუ არა ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცადა, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილისთვის მანდატების გაუქმების შეწყვეტა დროებით გადაწია.
"დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგებით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე.
ქართული ოცნების ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას. რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.
თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს.
დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.