17 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
გვაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის გამო ვერ ახერხებენ - ირაკლი კობახიძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობას აქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე დეპუტატს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა მისივე განმარტებით, ბულინგისა და შანტაჟის გამო ამ ნაბიჯის გადადგმას ისინი ვერ ახერხებენ.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ისინი ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, თუმცა აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისაგან თავს შევიკავებთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


შეგახსენებთ, "ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს და კენჭისყრაზე ჩააგდებს.

 

დღის ამბები