პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, უმრავლესობა მზად არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან დაკავშირებით შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, რაშიც მონაწილეობის მიღებას ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასაც მოუწოდებს.
როგორც კუჭავა აცხადებს, კომისიაში ჩართვა და სადაო საკითხის ასე გადაწყვეტა იქნება ტესტი ოპოზიციისთვის, ისინი ან დაამტკიცებენ იმ ბრალდებებს რაზეც ამ დრომდე აპელირებენ ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ოპოზიციის გარდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.
"არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტი შექმნიდა დროებითი საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლიდა 2020 წლის არჩევნებს და ყველა ბრალდებას, ყველა შესაძლო კითხვას დამატებით გაეცემოდა სამართლებრივი, მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი.
შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ.
დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.
პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად განაცხადა, რომ თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, "ქართული ოცნება" მზად არის, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ, ოპოზიციას შევთავაზეთ უბნების გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერის გამოყენება და საჯარო დებატები ამ თემაზე, თუმცა სამივე შეთავაზებაზე უარი მივიღეთ და მათი მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე შეტევისა და შეურაცხყოფის კამპანია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებები ვიხილეთ.
ფაქტია, რომ ეგრედწოდებულ "გაერთიანებულ ოპოზიციას" ამოძრავებს სხვა მიზნები დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ და საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის რევიზიას ცდილობენ.
ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, გავიაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და დეტალი, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მივცეთ საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და შეეცადოს თავისი ბრალდებები სამართლებრივად თავადვე დაამტკიცოს.
ეს კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის, რეალურად ჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებდნენ, თუ ეს ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს, რაც აშკარად იკვეთება მათ პოსტსაარჩევნო ქმედებებსა და განცხადებებში.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ან ფაქტებით დაამტკიცონ ის ბრალდებები, რაზეც საუბრობენ, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის და თავი დაანებონ სიცრუის პროპაგანდას," - განაცხადა კახა კუჭავამ.