17 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
ოპოზიციის წევრები ფასილიტატორი ელჩების მოწოდებებს იზიარებენ, თუმცა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

ფასილიტატორი ელჩების მოწოდებებს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში, სადაც აცხადებენ, რომ განცხადებების პათოსს იზიარებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მეტი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ისინი ამბობენ, რომ შექმნილი ვითარება სწორედ ხელისუფლების ქმედებებს მოჰყვა, როდესაც, მათი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა.

"მესმის, აბსოლუტურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები და სულისკვეთება, იმიტომ, რომ ბუნებრივია მათ სურთ იხილონ განმუხტული პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობის მთავარი წილი მოდის სწორედ ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ ხელისუფალმა გააყალბა 31 ოქტომბრის არჩევნები, მან მიიტაცა შემდეგ ხელისუფლება და მოახდინა არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირება,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

განცხადება გააკეთა პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვიმა

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვართ მძიმე კრიზისში, ამ კრიზისიდან გამოსვლა არის რთული. ეს ელჩების გადაწყვეტილება, მათი პარლამენტში მისვლა, ხელისუფლების გადაწყვეტილება, იძლევა შანსს, რომ მოლაპარაკებების რთული პროცესი ვცადოთ რომ დავასრულოთ წარმატებით,“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

განცხადება გააკეთა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების არჩახსნა მოლაპარაკებების გაგრძელებას ემსახურება და რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, ამ შემთხვევაში, ეს პოზიტიურ ფაქტად შეიძლება შეფასდეს. 

"თუ ეს არის გაკეთებული, იგივე, მანდატების არ ჩახსნა, იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, სივრცე დაიტოვა "ქართულმა ოცნებამ" და შემდეგი რაუნდი შედგება და რაღაც შეთანხმებამდე მივალთ, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ეს შეიძლება განვიხილოთ პოზიტიურ მოვლენად. თუ ეს კვლავ გაგრძელდება იმისთვის, რომ ვიღაც მოისყიდონ, შეიყვანონ და ასეთი თამაშები, რაც წინა სამი თვის განმავლობაში ვნახეთ, პირიქით, უფრო მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები