ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან, რიხო ტერასი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს მოუწოდებს, თანამდებობა დატოვოს. ესტონელი დეპუტატის შეფასებით, ევროპელი დიპლომატის ვიზიტი მოსკოვში დიდი შეცდომა იყო.
ტერასის განცხადებითვე, თუკი ბორელი თანამდებობას თავად არ დატოვებს, ევროპარლამენტარებს მოუწევთ, ბორელის გადადგომის მოთხოვნით, ურსულა ფონ დერ ლეინს მიმართონ, რომელიც ამ დროისთვის ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
გამოცემა "პოსტთაიმის" ინფორმაციით, რიხო ტერასი ევროპარლამენტში ბორელის გადადგომასთან დაკავშირებით დეპუტატებთან მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებს.
ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელის განცხადებები მოსკოვში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვან გადაწყვეტილებებს არ ეფუძნება, განსაკუთრებით, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ბორელმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის დაკავების გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას არ გეგმავდა.