"მოქალაქეების" ლიდერების განცხადებით, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, შესაბამისად, თამარ ჟვანია თანამდებობას დატოვებს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, მიიღება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახლებურ წესს განსაზღვრავს.
"ახალი კანონი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევის წესს. ბუნებრივია, ის ახალი კანონი რომ იქნება და ახალი კანონით ავირჩევთ, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლებიან. თამარ ჟვანიას განცხადებამდე ნუ დაიყვანთ იმ ძალიან დიდ და კეთილშობილურ საქმეს, რაც აქ მიმდინარეობს. წავა ავტომატურად, ახალ კანონს მივიღებთ. ახალი კანონის მიხედვით ახალი ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა შევარჩიოთ და თამარ ჟვანია როგორ ჩამოფრინდება იმ სავარძელზე,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"მოქალაქეების" კიდევ ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ცვლილებებით ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იცვლება, რაც თავისთავად გულისხმობს თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.
"ეს ცვლილებები გულისხმობს, რომ ცესკოს ადმინისტრაცია დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც, თავისთავად მოიაზრებს თამარ ჟვანიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას. თუ მემორანდუმი არ შესრულდა, ჩვენთვის პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს, მემორანდუმის შესრულება არის მთავარი ამოცანა,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა. როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო - დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. აზრთა სხვადასხვაობა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხმა გამოიწვია.